როუფ-ჯამფინგი

როუფ-ჯამფინგი – ექსტრემალური ჰობის სახეობაა, რომელიც ადრენალინის გამოყოფის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ ექსტრემალური ჰობის მოყვარულები მაღალი ობიექტებიდან ალპინისტური მოწყობილობების მეშვეობით ხტებიან და თავისუფალი ვარდნისგან “კაიფობენ”.

ინგლისურიდან თარგმანში rope Jumping – თოკით ხტომას ნიშნავს. ამ უცნაური ჰობის გამომგონებლად ამერიკელი მთამსვლელი დენ ოსმანი ითვლება. 1989 წელს დენი ცდილობდა, კლდის რთულად გასავლელი მონაკვეთი გადაელახა, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ვარდებოდა და დამცავ თოკზე ეკიდებოდა.

მაშინ დენი მიხვდა, რომ შიშის მიზეზი, რომელსაც ბევრი მთამსვლელი ეჯახება – სიმაღლიდან მოულოდნელი ჩავარდნაა.

დენმა გადაწყვიტა, დაეძლია ეს შიში და დაიწყო კლდიდან სპეციალურად ხტომა დამცავი თოკის საშუალებით. სიმაღლეს კი თანდათან უმატებდა და უმატებდა. ნელ-ნელა შიშთან ბრძოლა აბსოლუტურად ახალ, ექსტრემალური ჰობის სახეობად იქცა და სახელად როუფ-ჯამფინგი ეწოდა.

სამწუხაროდ, სწორედ როუფ-ჯამფინგი გახდა დენ ოსმანის ტრაგიკული სიკვდილის მიზეზი. 1998 წელს მან გადაწყვიტა 300 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტომა. თოკი მიწიდან 30 მეტრის დაშორებით უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ ის არ გაჩერდა და… დენი დაიღუპა. მთამსვლელი მაშინ 35 წლის იყო.

ამ ექსტრიმის გამომგონებლის სიკვდილის მიუხედავად, როუფ-ჯამფინგი იყო და რჩება საკმაოდ პოპულარულ ექსტრემალურ ჰობად.

იმისათვის, რომ დაცული იყოს ექსტრემალი გადმოხტომისას, როუფ-ჯამფინგის დროს გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სერტიფიცირებული მოწყობილობები ცნობილი მწარმოებლებისგან, რომელიც პერიოდულობით უნდა იცვლებოდეს (განსაკუთრებით, თოკები, რომელთა მოქმედების ვადაც მკაცრად განსაზღვრულია).

გარდა ამისა, გადმოხტომისთვის გამოიყენება სპეციალური თოკები (მთავარი გადმოსახტომი და დამცავი) და სხვა მოწყობილობებთან ერთა,დ შლემი.

ამასთან, ამ ექსტრიმის განხორციელება ყველა ობიექტზე დაშვებული არ არის. ყველა ხიდიდან გადმოხტომა დაუშვებელია – ხიდების უმეტესობა მიეკუთვნება იმ ობიექტების რიცხვს, რომლიდან გადმოხტომასაც კანონი სასტიკად კრძალავს.

ერთი სიტყვით, როუფ-ჯამფინგი არ არის უსაფრთხო ჰობის სახეობა. ამაში ჩვენ გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგაც დავრწმუნდით. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდიდან ხტომისას, როუფ-ჯამფინგის დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა. 23 წლის მარიამ ყანდიაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი ერთი თოკით ერთდროულად გადმოხტნენ ხიდიდან. თოკმა ვერ გაუძლო სიმძიმეს და გაწყდა.

სამართალდამცავები მომხდარ ფაქტს იძიებენ და დეტალები სულ მალე გახდება ცნობილი.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენივე ჰობიზე ყოფილა დამოკიდებული.

დატოვე კომენტარი